შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები დახურული პროცესით გარიგდნენ კანდიდატებზე, რაც ადასტურებს იმას, როგორი კრიზისია სამოქალაქო სექტორში

ზუსტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, დახურული, არაგამჭვირვალე, პროცესით რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებული 3 კანდიდატის შერჩევის პროცესს.

მისი თქმით, პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის ერთადერთი პროცესი მიმდინარეობს.

„არის გამოცხადებული კონკურსი. 29 სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოიტანოს განცხადება.

რაც შეეხება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარალელურ აქტივობებს, ჩვენ ვნახეთ ერთი რამ – ზუსტად იმ ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, დახურული, არაგამჭვირვალე, პროცესით, კრიტერიუმების გარეშე, რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე. ფაქტობრივად, ეს ადასტურებს იმას, თუ როგორი კრიზისი არის სამოქალაქო სექტორში. ისინი თავად ვერც კი სწვდებიან იმ თამასას, რომელსაც ისინი სხვას უყენებენ. ერთი განხილვაც კი არ ჰქონიათ საჯარო, არც კი უთქვამთ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის ეს. არავის შეეძლო საკუთარი ინიციატივით მიემართა, რომ მისი კანდიდატურა განეხილათ. ეს არის ფარისევლობა.

როდესაც ეს პროცესი მოწესრიგდა პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ სანამ არ დასახელდება კანდიდატები, ჩვენ ამ პროცესში არ ჩავერთვებით. მე, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი ვამბობ ამას. უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ კანდიდატებს, რომ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და მთავარი ლეგიტიმური პროცესი არის პარლამენტში მიმდინარე პროცესი. სხვათა შორის, რასაც ვხედავთ, იმ კომუნიკაციით, რომელიც დღესაც მქონა ოპოზიციურ პარტიებთან, ძალიან კარგად მიდის თანამშრომლობა პარტიებს შორის, ამიტომ მაქვს პოზიტიური იმედი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მივაღწევთ შეთანხმებას სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

შეფასებებისგან თავს ვიკავებ. ეს პროცესი არის ახლა ოპოზიციის ხელში. ჯერ იქნება დოკუმენტების საფუძველზე 9-კაციანი ჯგუფის მიერ კანდიდატების შეფასება, შემდეგ კი ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ დაასახელოს კანდიდატები, ამიტომ ახლა მთლიანად ოპოზიციის ხელშია ეს პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს. მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან: – მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე და “სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

გაზიარება