ირაკლი ღარიბაშვილი – ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, უწყვეტი კამპანიებით, რომელიც არაფრისმომცემია და აბსოლუტურად არ არის გათვლილი შედეგზე, ჩვენ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში

136
წაკითხვა/ნახვა
mpn

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ძალუძს მშვიდობიანად და რაც მთავარია, დემოკრატიულად ჩვენი ქვეყნის მართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელწერა წინა ხელისუფლებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

„ყველაზე ადვილი, რა თქმა უნდა, დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმების ძალით შენარჩუნება და მასების მართვაა, მაგრამ ეს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. ეს არის დროებითი განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩვენი ხელისუფლების ხელწერა აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ მოვუტანეთ გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანას და განვითარება, განვითარება და განვითარება უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი. ამისთვის, ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და შანსი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას, იმ საქმეების გაკეთებას, რომელზეც გესაუბრეთ. ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, უწყვეტი კამპანიებით, რომელიც არაფრისმომცემია და აბსოლუტურად არ არის გათვლილი შედეგზე. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ამ არჩევნების მნიშვნელობა – აუცილებელია ძლიერად გამარჯვება ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
mpn
მოწონება