საქართველოს პროკურატურა: მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება, შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ ხუთ პირს გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდა

ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში, 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გამოძიების პროცესში, ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე.

პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე, რაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება