არ მჯერა, გულწრფელად რომ ვთქვა, რომ იმ სიაში ჩამოწერილ ქართველებს დაასანქცირებენ , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რომ დაასანქცირონ ამით ხომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა დაზარალდება. არადა ამ ომში ერთმანეთს გვერდზე უნდა ვედგეთ. ამ დროს გამოდის ბატონი არახამია და ანგრევს და ანგრევს ამ ურთიერთობებს, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
„ჩემთვის უბრალოდ აუხსნელია რატომ დებს ამხელა ძალისხმევას საქართველოსა და საქართველოს გასაკრიტიკებლად ბატონი არახამია, რატომ ირჯება ასე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მომზადებული სია, რომელშიც 12 ქართველი მოხვდა, საიდანაც ერთი ამერიკის მოქალაქეა და რომელთაც სააგენტოს მოსაზრებით სანქციები უნდა შეეხოთ, უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიზრდება და იქ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის წევრები მოხვდებიან. არახამია საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი მათ არ ყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინონ დეოლიგარქიზაცია, ამაში ქვეყანას უკრაინა დაეხმარება.
