პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

970X90

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის აღნიშნა, რომ ურთიერთობა წარმატებულია – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნისა და მწვანე პორტების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიან თანამშრომლობას და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და ა.შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე რაჰმან ჰამატოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

970X90
გაზიარება