ირაკლი კობახიძე: ამერიკის საელჩოს განცხადებები ISFED-თან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებები, ISFED-თან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.

„მთელი რიგი ფაქტების გამო, საზოგადოება ისედაც გაურკვევლობაშია – ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყოს რადიკალურ პროცესებში ამერიკული დაფინანსებით მოქმედი ენჯეო. როდესაც ამას ემატება აშშ-ის საელჩოს ასეთი ტიპის განცხადებები, ბუნებრივია, ეს საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ISFED-ი აქტიურად იყო ჩართული „პივიტის“ გაყალბებაში.

„რადიკალური ოპოზიციისთვის, „პივიტის“ გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ. პრაქტიკულად, „ისფედი“ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია მართავდა. ამის შემდეგ, ჩვენ „ისფედს“ ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ანუ, აქაც, „ისფედი“ რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ მოგვევლინა. როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ, საელჩო „ისფედს“ უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და გამოთქვამს სურვილს, რომ ის ჩაერთოს სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, გასაკვირია“, – აღნიშნა კობახიძემ.

19 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საელჩო „ისფედს“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოიხსენიებს. საელჩოს პოზიციის თანახმად, ამ ორგანიზაციის „საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას“.

გაზიარება