
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2021 წლის 9 დეკემბერს, მმართველი გუნდის ლიდერები ამერიკული მხარის წარმომადგენელს შეხვდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ, „ისფედის“ მონაცემებთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგში იყო.
„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ „ისფედის“ მხრიდან, გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ბავშვები უნდა ვიყოთ, რომ სხვა რამის გვჯეროდეს. დამატებით, ერთ რამესაც ვიტყვი: ჩვენს ლიდერებს 9 დეკემბერს ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა ჰქონდათ. იქიდან ითქვა, რომ მათ ყველაფერი გადაამოწმეს, ყველაფერი წესრიგში იყო და უბრალოდ, ორგანიზაციაში არაკომპეტენტურობის პრობლემა იყო და ამიტომ, ამას ვერ ასაბუთებდნენ. 9 დეკემბერს ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და 11 დეკემბერს „ისფედმა“ უკვე აღიარა „პივიტის“ სიყალბე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „ისფედს“ ესარჩლებოდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ შეხვედრას, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, შალვა პაპუაშვილიც ესწრებოდა. კობახიძე არ აკონკრეტებს, ვინ იყო აშშ-ის წარმომადგენელი, თუმცა აცხადებს, რომ, მეორე მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, მის სახელსა და გვარს დაასახელებენ.
19 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საელჩო „ისფედს“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოიხსენიებს. საელჩოს პოზიციის თანახმად, ამ ორგანიზაციის „საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას“.