სამართლებრივი დავა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ – ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, დავა სამართლებრივ გზას არ გასცდება. შესაბამისად, ივანიშვილის ადვოკატები პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ.
პარალელურად, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თემის გაშუქებით აქტიურად დაინტერესდეს შვეიცარიული მედია.
„კრედიტ სუისთან“ დავა რომ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს არ გასცდება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებააა. ვიქტორ ყიფიანი ივანიშვილის იმ წერილს იშველიებს, რომელშიც ის საკითხთან დაკავშირებით საუბრობს და მიიჩნევს, რომ კერძო პირის დავამ სახელმწიფოთა შორის სივრცეში არ უნდა გადაინაცვლოს.
მოვლენების შესაძლო განვითარება და საქართველოში შვეიცარიის ელჩის დაბარება საპარლამენტო ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გუშინ „ქრონიკის“ კითხვის პასუხად არ გამორიცხა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ამის აუცილებლობის საფუძველს ვერ ხედავს.
„ყველას გვახსოვს ბატონი ივანიშვილის წერილი, რომელშიც ის ხაზგასმით ამბობს, რომ ეს არის კერძო სამართლებრივი დავა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დავაში არის ძალიან ბევრი საეჭვო ელემენტი და გარემოება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არ გავცდეთ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს. ამის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემთ და ვერც მივცემთ. ამიტომ, საუბრები, რაც გვესმის, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ [დავა], ეს არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები. ამ ქვეყანას საგარეო ასპარეზზე ისედაც ბევრი გამოწვევა და პრობლემა აქვს, ბევრი საკითხია, რომელიც თანამედროვე დღის წესრიგით არის განპირობებული და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და არც მზაობა, რომ ეს ჩვენი საკითხი დავუმატოთ იმ მრავალ საკითხთა ჩამონათვალს.
რა თქმა უნდა, უფლება გვაქვს შეფასება მივცეთ კონკრეტულ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან უცნაურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არაერთი შეფასება მიგვიცია შვეიცარიის პროკურატურის მიკერძოებულ მოქმედებაზე – ეს არის ჩვენი უფლება, როგორც მომჩივანის, რომ შეფასება მივცეთ. მაგრამ რამდენად ქმნის ეს შეფასება საფუძველს საჯარო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირებისთვის, ვთვლი, რომ აქ ბმა და ორგანული კავშირი არ იკვეთება“, – აცხადებს ყიფიანი.
ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც ივანიშვილის უფლებების დამცველებმა მიმართეს, ეს შვეიცარიის პარლამენტია, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს: ადვოკატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო, რომლის წინაშეც შვეიცარიის საბანკო სისტემა ანგარიშვალდებულია, აღმოჩენილ ხარვეზებთან და კაზუისტიკასთან დაკავშირებით საქმის კურსში უნდა იყოს.
„ჩვენ მივმართეთ შვეიცარიის პარლამენტის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელობას, საპროფილო კომიტეტებს და შვეიცარიის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. რატომ გავაკეთეთ ეს? იმ უბრალო მიზეზით, რომ მხოლოდ ჩვენს დავაზე კი არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვეუბნებით კანონმდებელსა და მარეგულირებელს, რომ „კრედიტ სუისი“, რომელიც არის შვეიცარიის საბანკო სისტემის შემქმნელი ბანკი, მისი ფლაგმანი და სახე, მარტო ეს დარღვევები ჩვენს საქმეზე, რომ არაფერი ვთქვათ სხვა დარღვევებსა და სკანდალებზე, რომელშიც ეს ბანკი არის გახვეული, მოითხოვს არა მარტო კონკრეტული დავის ფარგლებში მიხედვასა და გადაწყვეტას, არამედ კანონდების მხრიდან მიხედვას“, – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.
„კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით, კი შვეიცარიის მედიაში ისევ საინფორმაციო ვაკუუმია. ადვოკატები საკითხის ობიექტურად გაშუქებას ითხოვენ, თუმცა თემით მხოლოდ ერთი პერიოდული მედიასაშუალება დაინტერესდა, მაგრამ ადვოკატი ამბობს, რომ ინფორმაცია ცალმხრივად, ქართული მხარის არგუმენტაციის გარეშე გაშუქდა.
„ეს ტრასტები სხვა არაფერია თუ არა თვითონ ბანკის მიერ შეთავაზებული საშუალებები, მექანიზმები ინვესტიციების დასაბანდებლად. ამიტომ ერთია იურიდიული ტექნიკური მომენტი, მაგრამ მეორე არის ფუნქციონალური მომენტი, რომ ტრასტი არის ბანკის გაგრძელება ამ შემთხვევაში, რომელსაც ბანკი გთავაზობს, რომ შენ შენი ინვესტიცია დააბანდო. ეს ერთი გარემოება. მეორე ბერმუდას სასამართლო, რომელმაც ცალსახად და არა ორაზნოვნად თქვა, რომ ამ საქმეზე მთელ დიდ ოპერაციებში ბანკი და ტრასტები მოქმედებდნენ ერთ ხელში, უნისონში. თუნდაც ამიტომ მათი განცალკევება შეუძლებელია. და მესამე გარემოება, როდესაც ჩვენ ბერმუდას პროცესის დასრულების შემდეგ შევედით ბანკთან ურთიერთობებში, რომ აღსრულების უზრუნველყოფა მოგვეთხოვა, შემთხვევითი არ იყო, რომ ბანკი გამოვიდა პირდაპირი გარანტიით. მან თქვა, რომ მე ტრასტის ვალდებულებებზე ვიქნები პასუხისმგებელი. შესაბამისად, ეს იყო ბანკის მხრიდან ცალსახა განცხადება, რომ ის უსწორობა, რაც ჩაიდინა ბანკმა, ეს უსწორობა ჩემი უსწორობაა, ამაზე მე ცალსახად ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი. ამიტომ მხოლოდ ეს სამი ელემენტი მიუთითებს, რომ ეს ხარვეზიანი პუბლიკაცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, მინიმუმ გასწორებას მოითხოვდა“, – აღნიშნა ყიფიანმა.
ბიძინა ივანიშვილი პოზიციას არ იცვლის – სამართლებრივ ჭრილში დაწყებული დავა ისევ კერძო განხილვის საგნად რჩება.
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” – თამარ ტყეშელაშვილი