2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო

IMG.GE

კომიუნიკაციების კომისიის ინფორმაციით,  2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 67.4% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 21.7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-თაა გაზრდილი.

2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 17.5 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 66.1% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 22.1% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.2%-თაა გაზრდილი.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა. „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი 0.6 მილიონი ლარით შემცირდა და 2.6 მილიონი ლარი იყო. „მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი2) სარეკლამო შემოსავალმა 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. “პოსტვ”-ის შემოსავალი 1 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. “ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს სარეკლამო შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონი ლარი იყო. 0.7 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი “სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით „ობიექტივის“ შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მეორე კვარტალში 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 82.9% პირდაპირი რეკლამა იყო. სპონსორობის წილი კი 16.9% იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. რადიომაუწყებლებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი 885 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედმა“ 156 ათასი ლარი, „რადიო პალიტრამ“ კი – 91.3 ათასი ლარი მიიღო. „ქართულმა რადიომ“ წინა წლის მსგავსად 77.5 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „მდ ჯგუფს“ – 67.0 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“ – 47.9 ათასი ლარის, ხოლო „ჩვენ რადიოს“ 47.3 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ 30.5 ათასი ლარი, „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ – 25.7 ათასი ლარი, კომპანია „მედიასტრიმმა“ – 22.2 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სხვა რადიომაუწყებლებს ჯამში 145.6 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები ჰქონდათ.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და განცხადებებს მოიცავს.

 

IMG.GE
გაზიარება