იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცალკეული მოსამართლეების მიერ შეტანილ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს, რომელმაც წინასწარ გამოხატა საკუთარი პოზიცია

IMG.GE

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ცალკეული მოსამართლეების მიერ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მოპასუხე მხარეა, საკონსტიტუციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს, რომელმაც წინასწარ გამოხატა საკუთარი პოზიცია.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებულ საკანონმდებლო სივრცეს, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეების ერთი სამუშაო ადგილიდან, მეორე ადგილზე გადაყვანას და საკითხებს, რომელიც მთლიანობაში სასამართლო სისტემის ეფექტიანობისთვის იყო მიღებული.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტის ინტერესების ახორციელებს იურიდულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის აპარატი, შესაბამისად ჩვენ ვართ წარმომადგენელი ყველა იმ საქმეზე სადაც, პარლამენტის წინააღმდეგ არის შეტანილი კონკრეტული სარჩელი.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მოპასუხე საერთო სასამართლოების ცალკეული მოსამართლეების მიერ შეტანილ სარჩელზე, რომელიც შეეხება 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებულ საკანონმდებლო სივრცეს, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეების ერთი სამუშაო ადგილიდან, მეორე ადგილზე გადაყვანას და საკითხებს, რომელიც მთლიანობაში სასამართლო სისტემის ეფექტიანობისთვის იყო მიღებული.

როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ ნორმების განხილვა, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ეს ცვლილებები ემსახურებოდა მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და ა.შ. მის ამ პოზიციას სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა და პრაქტიკულად გაიზიარა მოქმედმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ, რომელიც დღეს ამ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა. წარმოიდგინეთ, რა მოცემულობა გვაქვს – ადამიანმა, რომელიც მომხსენებელი მოსამართლეა, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ვიღებდით მოსამართლეთა დაშინების, ზეწოლის და მსგავსი შინაარსის შემცველ ნორმებს. ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ ამ მოსამართლემ დააფიქსირა პირდაპირ, საჯაროდ და ღიად პოზიცია და პრაქტიკულად მან ღიად და საჯაროდ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი მოსამართლე. ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, არის ობიექტური, მყარი საფუძველი, ასეთი მოსამართლის აცილების, ვინაიდან მან საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, იქნება მიკერძოებული“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, პრინციპები, რომ მხარეს არ უნდა გაუჩნდეს ობიექტური საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტული მოსამართლე იქნება წინასწარ მიკერძოებული ერთი მხარის სასარგებლოდ.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და მიდგომა. ასეთ შემთხვევაში, მე ის მიკვირს, რომ ამ მოსამართლემ თვითგანრიდება არ განახორციელა. არის ორი მოდელი, ერთი არის თვითგანრიდება, როდესაც მოსამართლეს შეუძლია ეს გააკეთოს, ეს არ ეკრძალება, მაგრამ თუ ასეთ ღია საჯარო პოზიციას დააფიქსირებს, მაშინ კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე თვითგანრიდების მექანიზმს, როდესაც მოსამართლე არის დაინტერესებული, არის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინტერესის მქონე, რომ გამოხატოს კონკრეტული პოზიცია. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მიდგომით ასე უნდა იყოს, რომ და ეს არის უცნაური და სამწუხარო, რომ თვითგანრიდებას არ აკეთებს მოსამართლე. ამიტომ, ჩვენ დაგვჭირდა შუამდგომლობის დაწერა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობაზე მითითებით, რომ ეს კონკრეტული მოსამართლე, ვინაიდან მან პირდაპირ, ღიად, საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი და პირიქით, იქნება მიკერძოებული ამ საქმის განხილვის პროცესში“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება