Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სუს-ის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს – ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები

მარშალ პრესი 18/07/2022
სოსო გოგაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის III ნაწილი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფაქტზე დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში თავისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა.

„საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ, სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები. რაც შეეხება, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებული იყო პროპორციული ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, გოგაშვილს 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს 18 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

„საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, – აცხადებენ სუს-ში.

Post navigation

Previous: ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელიწადში გაორმაგდეს
Next: მამუკა მდინარაძე: არსებობენ ძალები, რომლებმაც უზრუნველყო ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ, ოღონდ სხვა, დიდი ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.