Netflix-მა ლიუ ცისინის რომანის მიხედვით გადაღებული ფანტასტიკური სერიალის, „სამი სხეულის ამოცანის“ მეორე სეზონის ოფიციალური თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. შოუს გაგრძელების პრემიერა 2027 წლის 14 იანვარს შედგება – პირველი სეზონის გამოსვლიდან თითქმის სამი წლის შემდეგ.თიზერი ლაკონიური და შემაშფოთებელი გამოვიდა: ეკრანზე ჩნდება გზავნილი, რომელიც სტილისტურად ლიუ ცისინის რომანიდან ტრისოლარისელებთან მოლაპარაკებებს მოგვაგონებს: „გამარჯობა. დიდი ხანია არ გვისაუბრია. მაგრამ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში გაკვირდებოდით“. ეს ფრაზა პირდაპირი მინიშნებაა წიგნის სიუჟეტზე: სამი ვარსკვლავის სისტემაში მდებარე პლანეტის უცხოპლანეტელები ათწლეულების განმავლობაში აკვირდებიან დედამიწას, შემდეგ კი უცხოპლანეტური ფლოტი მზის სისტემისკენ იძვრის და კაცობრიობას უწევს მოემზადოს შეხვედრისთვის, რომელიც ცივილიზაციის ბედს გადაწყვეტს.
მეორე სეზონი ტრილოგიის „მოგონებები დედამიწის წარსულზე“ ეკრანიზაციას გააგრძელებს და მას საფუძვლად მეორე რომანი – „ბნელი ტყე“ დაედება. სერიალის შემქმნელების, დევიდ ბენიოფისა და დ. ბ. ვაისის თქმით, თხრობა კიდევ უფრო დაძაბული გახდება: მოვლენები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, კონფლიქტები კი კოსმოსურს. როლებს მაყურებლისთვის პირველი სეზონიდან ნაცნობი მსახიობები შეასრულებენ: ჯეს ჰონგი, ბენედიქტ ვონგი, ეისა გონსალესი, ლიამ კანინგემი და სხვები.პირველი სეზონი 2024 წლის მარტში გამოვიდა, შვიდი კვირა გაატარა Netflix-ის გლობალურ ტოპ-10-ში, 44 ქვეყნის ჩარტებს ჩაუდგა სათავეში და 46,6 მილიონი ნახვა დააგროვა.
