გამჭვირვალობის კანონის მიღებას უცხოური გავლენების თავიდან ასაცილებლად ბრძოლის აპრობირებულ მეთოდად მიიჩნევს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გასაკვირი არაა, რომ მსგავსი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას სლოვენიაც აპირებს.
თუმცა, როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე, როცა საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ქვეყნის წინააღმდეგ ევრობიუროკრატიამ დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა. ახლა კი, მისი თქმით, ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ უცხოური გავლენებისაგან საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას.
„გასაკვირი არაა, რომ სლოვენიაც იღებს ისეთ კანონს, რომელიც მას უცხოური ჩარევებისაგან დაიცავს, რათა თავიდან აიცილოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ძალების გავლენა. როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა. ახლა კი, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს. ეს არის ძალიან აპრობირებული გზა უცხოური გავლენების თავიდან ასაცილებლად,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
