„აბაშიძე-კარასინის” ფორმატის მუშაობაში პაუზის შემდეგ ეს, ფაქტობრივად, მუდმივმოქმედი პირდაპირი საკომუნიკაციო არხის აღდგენაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დღის წესრიგი მხოლოდ დიპლომატიური კონტაქტებით არ შემოიფარგლება და მოიცავს კონკრეტულ მიმართულებებს,“ – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლების თემას. დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიალოგი ქმნის იმ საკითხების მოგვარების შესაძლებლობას, რომელთა გადაწყვეტა საჯარო განცხადებებითა და ურთიერთბრალდებებით შეუძლებელია.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღის წესრიგი მხოლოდ დიპლომატიური კონტაქტებით არ შემოიფარგლება და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება.
„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია – და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის მხარეს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს, ხოლო საქართველოს მხარეს – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამგვარად, დიალოგი სათანადო დიპლომატიურ დონეს იძენს და იქმნება იმ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, რომელთა ეფექტიანად გადაწყვეტა საჯარო განცხადებებითა და ურთიერთბრალდებებით შეუძლებელია. „აბაშიძე-კარასინის” ფორმატის მუშაობაში პაუზის შემდეგ ეს, ფაქტობრივად, მუდმივმოქმედი პირდაპირი საკომუნიკაციო არხის აღდგენაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დღის წესრიგი მხოლოდ დიპლომატიური კონტაქტებით არ შემოიფარგლება და მოიცავს კონკრეტულ მიმართულებებს: ვაჭრობას, ტურიზმს, ტრანსპორტს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებასა და ჰუმანიტარულ-კულტურულ გაცვლებს. საქართველოსთვის ეს ეროვნული მწარმოებლების ინტერესების დაცვის, ახალი ბაზრების ათვისების, ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და ბიზნესისთვის უფრო პროგნოზირებადი გარემოს შექმნის შესაძლებლობაა. პირდაპირი დიალოგი საშუალებას იძლევა, წარმოქმნილი პრობლემები ოპერატიულად მოგვარდეს და თითოეული უთანხმოება პოლიტიკურ კრიზისში არ გადაიზარდოს. ორმხრივი ეკონომიკური დაინტერესების პირობებში თანამშრომლობის სამუშაო მექანიზმების აღდგენა ქართული ბიზნესის, ტურიზმის სექტორისა და მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს.
მთავარი პერსპექტივა მოლაპარაკებების შინაარსის თანდათანობით გაფართოებაშია: სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხებიდან რეგიონული უსაფრთხოების, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და დაძაბულობის შემცირების მექანიზმების განხილვამდე. ცხადია, დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფ აღდგენაზე საუბარი ნაადრევია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ აღიარება კვლავ ფუნდამენტურ დაბრკოლებად რჩება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპული საკითხია. თუმცა დიპლომატიის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ პრინციპული უთანხმოებების არსებობის პირობებშიც კი ურთიერთშეხების წერტილები მოიძებნოს. რაც უფრო რეგულარული და კონკრეტული იქნება დიალოგი, მით მეტი შესაძლებლობა გაჩნდება ახალი კრიზისების თავიდან ასაცილებლად, ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად და საქართველოს კონკრეტული ეროვნული ინტერესების გასატარებლად,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
