საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის – შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტირების დეტალებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი
მოიცავს მაცხოვრისა და ზარზმის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოსა და გალავანს. მისი მთავარი ნაგებობებია XII-XIV საუკუნეების მაცხოვრის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა და XVI საუკუნეში ვახტანგ გურიელის მიერ აგებული ზარზმის სახელობის გუმბათიანი ტაძარი.
ტაძრის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაცია, სრულად შეიცვლება გადახურვა და მოეწყობა წყალარინების სისტემა.
