რა თქმა უნდა, ყველა ელჩთან გვექნება კონსტრუქციული დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც ისინი სუვერენიტეტში იჭრებიან უხეში ფორმით, ბუნებრივია, მათ ამაზე უნდა მივანიშნოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის თემა მთლიანად პოლიტიკური საკითხია.
„ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებში, ერთ თვეში საარჩევნო ბარიერის საკითხს ბოლომდე მივიყვანდით. საბოლოო ჯამში, ეს არის მთლიანად ჩვენი კეთილი ნების საკითხი. ყველამ კარგად იცის, რომ 5%-იანი ბარიერი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც დადგენილია პროპორციული სისტემა, მოქმედებს სწორედ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი. ამას წინათ ვუსმენდი ერთ-ერთი ელჩის განცხადებას იმაზე, რომ თითქოს, ჩვენა ახლა აუცილებლად სწრაფად უნდა მივიღოთ 2 %-იანი ბარიერი, როდესაც ზუსტად ამ ელჩის ქვეყანაში დადგენილია 5%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ორპარტიული ბლოკებისთვის 8 %-იანი ბარიერი და მულტიპარტიული ბლოკებისთვის 11 %-იანი ბარიერი. ეს ელჩი პირდაპირ იჭრება ჩვენ სუვერენიტეტში, მათ შორის საპარლამენტო სუვერენიტეტში და გვეუბნება, რომ მის ქვეყანაში კი არის 5 %-იანი ბარიერი დადგენილი, მაგრამ ჩვენთან რატომღაც 2 %-იანი ბარიერი უნდა იყოს, მაშინ როდესაც ეს 2 %-იანი ბარიერი, ან უფრო დაბალი, ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. ამ დონეზე ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის შეურაცხყოფას ბუნებრივია, ვერ მივიღებთ. ეს პრინციპულად არასწორია. რა თქმა უნდა, ყველა ელჩთან გვექნება კონსტრუქციული დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც ისინი სუვერენიტეტში იჭრებიან უხეში ფორმით, ბუნებრივია, მათ ამაზე უნდა მივანიშნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.