დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩის №26-ის მიმდებარედ, წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, დამატებითი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა. მოსახლეობის თხოვნით, ადგილობრივებთან შეხვედრა დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა გამართეს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს როგორც სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოვლენილი პრობლემები, ისე კორპუსისა და მიმდებარე ტერიტორიის სხვა საჭიროებები. მოსახლეობამ გამგებელსა და მაჟორიტარ დეპუტატს საკუთარი მოსაზრებები და პრობლემური საკითხები გააცნო. მხარეებმა იმსჯელეს მათი მოგვარების შესაძლო გზებსა და შემდგომი რეაგირების კონკრეტულ ნაბიჯებზე.
დიდუბის რაიონის გამგეობა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი საკითხების მოგვარებას, ხოლო იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც სხვა სამსახურების კომპეტენციას განეკუთვნება, აქტიურად ითანამშრომლებს მათთან და განახორციელებს საჭირო შუამდგომლობას.
