ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან სწრაფად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში და ამისთვის მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება.
„ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა.
ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რაზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა. თუმცა, ჩვენ არ გვინდა, გავჩერდეთ დღემდე მიღწეულზე. გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
