
„კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა – ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი არჩევანი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში გაეკეთებინათ. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბათუმისა და რუსთავის შუალედური არჩევნების სახით, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩატარდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება; ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, ვინც არ დაიშურა ძალისხმევა საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე ყველა ჩართულ მხარეს – საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას, რომლის ჩართულობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები გამართულიყო“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.