საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, კომენტარი გააკეთა გუშინ, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციაზე, სახელწოდებით – “საქართველო ივანიშვილის გარეშე” და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობრივი სიმცირე განპირობებულია “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს უცხო ქვეყნიდან შავი ფულის შემოდინების შესაძლებლობა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი აღარ აძლევს პოლიტიკურ პარტიებს ძალადობრივი აქციების დაორგანიზების შესაძლებლობას, ამასთან, ნაკლები შედეგი აქვს ექსტრემიზმის წახალისებასა და გარედან მხარდაჭერასაც.
“კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე. ჩვენ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს შავი ფულის უცხო ქვეყნიდან შემოდინების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ გამჭვირვალობის კანონმდებლობები, რითაც ცხადი ხდება, თუ რას ხმარდებოდა გარედან შემოსული თანხები, უკვე შესაძლებლობას აღარ აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, რომ გარედან მართულმა პირებმა, ფულის გადახდით იქნება თუ ასე მოსყიდვით და ადამიანების მოტყუებით, დააორგანიზონ ის აქციები, რომლებიც ხშირად ძალადობრივში გადაიზრდება ხოლმე, როგორიც იყო არაერთი 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელს. ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, თუ ვინ არიან ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები,” – აღნიშნა გორდულაძემ.
