Skip to content
24/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რასა და მისი მეგობრები არ აღიარებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და მათთვის სანქციებს ითხოვენ

მარშალ პრესი 23/10/2026
ec3aa5054ba5592a

ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია; „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას, “რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა”.

„2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამის შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების თითოეულ რეკომენდაციას მათ უპასუხეს ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობითა და ოპოზიციის ლიდერებისა თუ ჟურნალისტების დაპატიმრებით. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, შეეზღუდა ოფიციალური კონტაქტები ხელისუფლებასთან, სწორედ ამ ქმედებების შედეგი იყო და არა მათი მიზეზი.

ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო და რჩება ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებასთან კარი მაშინ გაიღება, როდესაც მათი ქმედებები — და არა სიტყვები — დაადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას. შემოთავაზების დროც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნის განხილვას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე; მათ შორისაა ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი. ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კანონგარეშედ გამოაცხადოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები, ვერ იქნება სანდო პარტნიორი დიალოგისთვის. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა საფარი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მოსასპობად. როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში აღნიშნა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვითხოვთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას. არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იქნებოდა გადამწყვეტი ნაბიჯი უკან, ერთპარტიული სისტემისკენ — რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მიხედვით.

ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებდა ევროკავშირს და შეუძლებელს გახდიდა რაიმე სახის პროგრესს გაწევრიანების გზაზე. დღემდე არაფერი შეცვლილა. ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობების საკითხში მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის მტკიცე სწრაფვას ევროპული მომავლისკენ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ნებისმიერი რეალური თანამშრომლობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს, კერძოდ: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას; სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდა დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელთა გამოც ევროპულმა პოლიტიკურმა ფონდებმა ქვეყნის დატოვება იძულებით მოუწიათ; ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტა; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზა. მანამდე, მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააწესონ რეალური შედეგები — მათ შორის მიზნობრივი სანქციები „ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სანქციების გლობალური რეჟიმის“ (ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი“) ან სხვა სანქციური მექანიზმის ფარგლებში — იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე გულწრფელია ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების სურვილში, მან კარგად იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დასამტკიცებლად.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.