საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა ახალი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი და განათების სისტემა, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, სველი წერტილები და დამხმარე ნაგებობები.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია.
პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო საცურაო კომპლექსის პროექტირების მიმდინარეობას.
