Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

მარშალ პრესი 18/09/2026
1

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.

ახალმოწყობილი პარკი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი პარკის სახით. ჩვენს დედაქალაქს ყველანაირად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა არც გზები და არც სხვა ინფრასტრუქტურა, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნა შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ გართობას, დასვენებას, ვარჯიშს და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სამუშაოებს. ჩვენთვის არ არსებობს ცენტრალური და მეორეხარისხოვანი უბნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონი, ყველა უბანი იყოს თანაბრად განვითარებული. შესაბამისად, საამაყოა, რომ სიდიდით მეორე პარკი დედაქალაქში სწორედ სამგორის რაიონში გაიხსნა. მეც გახარებული ვარ თქვენთან ერთად და მინდა, ერთი რამ გთხოვოთ: მოვუაროთ ამ სივრცეს. ეს თქვენი სივრცეა, რომელსაც თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ, ერთად მოვუაროთ მას და შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. კერძოდ, განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი, მცირე ზომის ველოტრეკი და კინოლოგიური სივრცე.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. დაირგო 13 873 ძირი ნერგი და დაითესა ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 21 756 964 ლარი შეადგენა.

ახალგახსნილი პარკი დედაქალაქის მერთან ერთად მისმა მოადგილეებმა – ანდრია ბასილაიამ და ირაკლი ბენდელიანმა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
Next: ირაკლი კობახიძე – რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.