ხალხის ძალა“ მხარს დაუჭერს მმართველი ძალის ინიციატივას გახარიას პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ამის საფუძველია „პარტია საქართველოსთვის“ საქმიანობა, რომლითაც, მისი შეფასებით, დასტურდება, რომ ის გარე ძალების დაკვეთას ასრულებს.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ გახარიას პოლიტიკურ ძალას პარლამენტში ამომრჩევლის ინტერესები წარმოედგინა, მან საბოტაჟის გზა აირჩია.
„ხალხის ძალა“ შევუერთდებით სარჩელს გახარიას „პარტია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. საგულისხმოა ერთი რამ – გახარიას პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მოსალოდნელიც იყო. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად იცოდნენ, რასაც სჩადიოდნენ.
თავის დროზე იყო კამათი იმაზე, შეგვეყვანა თუ არა გახარიას პარტია იმ სიაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან პირველ სარჩელში იყო წარმოდგენილი. მაშინ გამოითქვა ასეთი მოსაზრება, რომ, რადგანაც მათ გადადგეს ნაბიჯი, შემოვიდნენ პარლამენტში და უარი არ თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, თავი შეგვეკავებინა ამ ნაბიჯის გადადგმისგან.
მაგრამ, რეალურად ეს იყო გარე გლობალური ძალების თამაშისა და გარკვეული სცენარის ნაწილი. ამ სცენარის მიხედვით, ისინი ცდილობდნენ, ოპოზიცია ორ ფრთად დაეყოთ – ერთი, რადიკალური, და მეორე – შედარებით პოზიტიური.
მაგრამ, რეალურად ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი (გიორგი გახარიას თანაგუნდელები) ხალხის ნდობით სარგებლობის ნაცვლად, განუწყვეტლივ ეწეოდნენ საბოტაჟს, ატარებდნენ აგენტურული ქსელის ნარატივებსა და მოსაზრებებს, ახორციელებდნენ მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიებს და იმეორებდნენ კოორდინირებულ მესიჯებს.
ფაქტობრივად, მათ ჯანსაღი პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესების წარმართვისთვის არაფერი გაუკეთებიათ.
საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააჯანსაღოს პოლიტიკური ველი და დაიცალოს არა პოლიტიკური ოპოზიციისგან, არამედ გარე ძალების მიერ მართული აგენტებისგან.
ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია აგენტურული სპექტრისგან გაწმენდა. ამის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდებიან ოპოზიციური ძალები, მათ შორის ჩვენც, „ხალხის ძალა“. მართალია, ეს აგენტურული ქსელი ამბობს, რომ ჩვენ არავითარი ოპოზიციური ძალა არ ვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რომლებსაც კამერების წინ არ ვაჟღერებთ, თუმცა კულუარებში ვკამათობთ.
ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ნიშნავს ჯანსაღ ოპონირებას, ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტების მოყვანას, რეალური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, ალტერნატივების შეთავაზებას და ა.შ.
სწორედ ასეთი ძალებით უნდა შეივსოს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ეს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, დემოკრატიის განვითარებისა და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
