დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.
“2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.
ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით.
ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით.
ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ თბილისი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.
ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ 5 წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
