დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი 100-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს.
იუნკერებს დაურიგდათ სამხედრო ფორმები, რის შემდეგაც, ყაზარმებში გადანაწილდნენ.
სამხედრო ცხოვრების დაწყებამდე ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას.
პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 6-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამას. საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, თავდაცვის მენეჯმენტი, კიბერსივრცითი ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი.
იუნკერებისთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია. ისინი აკადემიაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მატერიალური და საკანცელარიო ნივთებით, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით. აკადემიის ინფრასტრუქტურული გარემო სრულად პასუხობს სამხედრო ტიპის სასწავლებლის უმაღლეს სტანდარტებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულების შემდეგ, იუნკერებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა ექნებათ.
