Skip to content
13/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 10/09/2026
5050

სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით  3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომლებიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამიტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გახსნა. ემანუელ მაკრონმა ევროპის კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს კოსმოსში საკუთარი სტრატეგიული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, განსაკუთრებით თანამგზავრული კომუნიკაციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, დღეს კოსმოსური ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ ავტონომიასთან და სწორედ ამიტომ სამიტის ოფიციალური მიმართულებებია კოსმოსური ეკონომიკა, მეცნიერება, კვლევა და უსაფრთხოება.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ევროპული ავტონომიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მისი შეფასებით, სატელიტური კომუნიკაცია, ნავიგაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ევროპული სუვერენიტეტის ნაწილია.

სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კოსმოსი მხოლოდ მეცნიერებისა და კვლევის სფერო აღარ არის. ის უკვე ევროპის ეკონომიკური ძალის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ აუცილებელია, ევროპას ჰქონდეს საკუთარი საიმედო წვდომა კოსმოსზე და საკუთარი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის უსაფრთხო სატელიტური კომუნიკაციები, ნავიგაცია და დედამიწის დაკვირვების შესაძლებლობები.

კოსმოსის პირველ საერთაშორისო სამიტში 90 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფოთა ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები, მონაწილეობდნენ.

Post navigation

Previous: ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში
Next: ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.