საბერძნეთი და იტალია ორივე პოპულარული მიმართულებაა. ქართველი ტურისტები ამ ქვეყნებს წელიწადის სხვადასხვა დროს სტუმრობენ. ზღვა, საუკუნოვანი ისტორია, შთამბეჭდავი ქალაქები, მრავალფეროვანი კულტურა, ხელოვნება და გასტრონომიული გამოცდილებები – სანახაობის მხრივ ორივე ლოკაცია შესაძლებლობების ფართო არეალს გვთავაზობს.
თუ ამ ორ ვარიანტს შორის ორჭოფებ, უნდა იცოდე, რომ არჩეევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გინდა შვებულების გატარება. მოდი, თვალი გადავავლოთ ორივე ლოკაციის მახასიათებლებს, რათა გაარკვიო, რომელია უკეთესი ვარიანტი შემდეგი მოგზაურობისთვის.
სად უფრო მარტივია გამგზავრება ქართველი ტურისტებისთვის
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, თბილისის აეროპორტის ოფიციალური მარშრუტების რუკაზე საბერძნეთის მიმართულებით – ათენისა და სალონიკის, იტალიის მიმართულებით კი – რომი და მილანის რეისებია დანიშნული. ქუთაისიდან Wizz Air-ის პირდაპირი რეისებია ათენსა და სალონიკში, ასევე რომში, მილანსა და ვენეციაში. შეგიძლია, ერთ ქალაქში ჩაფრინდე და მეორიდან დაბრუნდე უკან. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ რამდენიმე რეგიონის ნახვა გინდა. საბერძნეთის მიმართულებით ათენის რეისი კარგია დედაქალაქისა და ახლომდებარე კუნძულების დასათვალიერებლად, სალონიკი კი ჰალკიდიკისა და ჩრდილოეთ საბერძნეთის მოსანახულებლად. შორს მდებარე კუნძულების სანახავად დამატებითი შიდა ფრენა, ან საზღვაო ტრანსპორტი დაგჭირდება.
სად უფრო მარტივად იმოგზაურებ ავტომობილის გარეშე
თუ სხვადასხვა ქალაქის დათვალიერება და ლოკაციების ხშირად შეცვლა გსურს, იტალიას ამ მხრივ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. სწრაფი მატარებლები ერთმანეთთან აკავშირებს მილანს, ვენეციას, ბოლონიას, ფლორენციას, რომსა და ნეაპოლს. მილანიდან რომამდე მგზავრობა სამ საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება, ფლორენციიდან რომამდე, დაახლოებით საათ-ნახევარს, ხოლო რომიდან ნეაპოლამდე – საათზე ოდნავ მეტს.
თუ საბერძნეთში, ათენში ან სალონიკში რჩები, ავტომობილი არ დაგჭირდება, მაგრამ დიდ კუნძულებზე განცალკევებულ სანაპიროებთან მისასვლელად ავტომობილით გადაადგილება გაცილებით პრაქტიკულია. ზამთარში კუნძულების ნაწილზე ბორანი ნაკლები სიხშირით მოძრაობს და ზოგი ტურისტული სერვისი დროებით იხურება.
რამდენი დღე გაქვს სამოგზაუროდ
თუ დროში შეზღუდული ხარ და სულ სამი ან ოთხი დღე გაქვს, აჯობებს, ერთი კონკრეტული ქალაქი აირჩიო. საბერძნეთში ეს შეიძლება იყოს ათენი ან სალონიკი, იტალიაში – რომი, მილანი, ვენეცია ან ბოლონია.
ხუთიდან შვიდ დღემდე საბერძნეთში შეგიძლია ათენი და ერთი ახლომდებარე კუნძული, ან სალონიკი და ჰალკიდიკი მოასწრო. იტალიის შემთხვევაში, საინტერესო მარშრუტებია: რომი-ფლორენცია, ვენეცია-ვერონა ან მილანი-კომოს ტბა-ბერგამო.
რვა-ათი დღე საკმარისია ორი ბერძნული კუნძულის ან სამი იტალიური ქალაქის სანახავად, თუ ლოკაციები ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოსაა.
როგორი ტიპის მოგზაურობა გსურს
დაფიქრდი, სად გინდა დროის გატარება. თუ პასუხია სანაპიროზე, ნავით სეირნობაში, ზღვისპირა დასახლებებში, მაშინ, აჯობებს, საბერძნეთზე დაფიქრდე. თუ ისტორიულ ქუჩებში მუზეუმებში სიარული და ახალი აღმოჩენები გინდა, იტალია განიხილე. იტალიის მოგზაურობაში შეგიძლია ერთბაშად მოიცვა ქალაქები, ტბები, სოფლები და ზღვისპირეთი. საბერძნეთში კი უმეტესად, კუნძულები, ღია ცის ქვეშ მდებარე ისტორიული ადგილები დაგხვდება.
სად უფრო იაფად იმოგზაურებ
გავრცელებული შეხედულებით – „საბერძნეთი იაფია, იტალია ძვირი”. თუმცა, სინამდვილეში, საბერძნეთის პოპულარული კუნძული შეიძლება იტალიის ნაკლებად ტურისტულ ქალაქზე ძვირი დაგიჯდეს, ისევე როგორც ვენეცია ან ამალფის სანაპირო არის საბერძნეთის კურორტებზე ძვირი.
ბიუჯეტი დამოკიდებულია სეზონზე, საცხოვრებლის მდებარეობაზე, ავიაბილეთების ფასზე. საბერძნეთში ხარჯების კონტროლი ხშირად უფრო მარტივია, რადგან ნაკლებ ფულს ხარჯავ შიდა გადაადგილებასა და საცხოვრებელზე. იტალიაში მატარებლები, სხვადასხვა ქალაქში სასტუმროების დაჯავშნა და ფასიანი ღირსშესანიშნაობები საერთო თანხას ზრდის. ორივე ქვეყანაში დაზოგვის ეფექტიანი გზაა შედარებით ნაკლებად აქტიურ სეზონზე მოგზაურობა და ცნობილი ლოკაციების ნაცვლად, ნაკლებად ტურისტული ალტერნატივების არჩევა.
რომელ სეზონზე სჯობს საბერძნეთი და როდის იტალია
მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბრის დასაწყისი ორივე ქვეყნისთვის კარგი დროა. ამ პერიოდში შეგიძლია ქალაქები სიგრილეში დაათვალიერო და მეტი დრო გაატარო გარეთ. გაზაფხული იტალიაში განსაკუთრებით ხელსაყრელია ქალაქების, ტბებისა და სოფლების სანახავად.
თუ სიცხე ნაკლებად გაწუხებს და ზღვაზე დასვენებას გეგმავ, მაშინ ივლისი ან აგვისტო აირჩიე. ქალაქების აქტიურად დასათვალიერებლად ეს პერიოდი დამღლელია.
ზამთრის პერიოდში იტალია უკეთესი მიმართულებაა, რადგან დიდი ქალაქები ამ სეზონზეც საინტერესოა. ცხადია, საბერძნეთშიც შეგიძლია ათენის, სალონიკის მონახულება, მაგრამ კუნძულებზე ტრანსპორტი და სერვისების დიდი ნაწილი შეზღუდული იქნება. როგორც უკვე ვთქვით, ცივ სეზონზე ზოგი ღირსშესანიშნაობა იკეტება და ბორნები ნაკლები სიხშირით მოძრაობს.
რომელი ლოკაცია სჯობს ზღვისთვის
თუ შვებულება ზღვაზე გინდა გაატარო, საბერძნეთი უფრო მარტივი არჩევანია. შეგიძლია კუნძულზე დარჩე, ყოველდღე სხვადასხვა სანაპიროზე გადახვიდე. ახლომდებარე კუნძულებს შორის არსებული საზღვაო ტრანსპორტი მრავალფეროვანი მარშრუტების დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. იტალიის სანაპირო გამოცდილება უფრო რეგიონებზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, პულია და კალაბრია ქვიშიან სანაპიროებსა და პატარა ქალაქებს, ლიგურია და ამალფი – კლდეებსა და ისტორიულ დასახლებებს გთავაზობს.
არჩევამდე შეამოწმე, სანაპირო ქვიშიანია თუ კენჭოვანი, საჯაროა თუ კერძო და შესაძლებელია თუ არა მასთან მანქანის გარეშე მისვლა. ფოტოებში ლამაზი სანაპირო ყოველთვის პრაქტიკულად მოსახერხებელი არ არის.
რომელი მიმართულება სჯობს ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ
პატარა ბავშვებთან ერთად საბერძნეთი ხშირად უფრო პრაქტიკული არჩევანია, თუ სასტუმროში ან აპარტამენტში რჩები და ახლოს გაქვს სანაპირო. გადაადგილების ნაკლები აუცილებლობა მშობლებსაც უადვილებს დასვენებას. იტალია კარგი ვარიანტია მოზრდილებთან ერთად სამოგზაუროდ; იმ ასაკში, როცა ბავშვებს უკვე აინტერესებთ ისტორია, კულტურა და ახალი აღმოჩენები სურთ.
წყვილებისთვის, მეგობრებისთვის და სოლო მოგზაურობისთვის
წყვილებისთვის და სამეგობროსთვის საბერძნეთი მშვიდ და ზღვისპირა გარემოს ქმნის. იტალია უკეთ ერგება მათ, ვისაც ლამაზი ქალაქების გარდა, სამოგზაურო თავგადასავლები და სხვადასხვა რეგიონის დათვალიერებაც სურს.
სოლო მოგზაურობის დროს, იტალია ხშირად უფრო მარტივია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გამო. საბერძნეთში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტებია: ათენი, სალონიკი.
ინტერნეტთან კავშირი მოგზაურობისას
ორივე ქვეყანაში აუცილებლად დაგჭირდება როუმინგ ინტერნეტი რუკებისთვის, მატარებლისა და ბორნის ბილეთებისთვის, სასტუმროსთან დასაკავშირებლად და ტრანსპორტის განრიგის შესამოწმებლად.
mobineX-ის eSIM როგორც საბერძნეთისთვის, ისე იტალიისთვის დღეში 3 ლარიდან არის ხელმისაწვდომი. სერვისები მოიცავს სტანდარტულ და ულიმიტო პაკეტებს. საიტზე რეგისტრაციისას თავად ირჩევ, რომელი პაკეტის შეძენა გსურს – ფიზიკური SIM ბარათის თუ ელექტრონული eSIM-ის.
- როუმინგ ინტერნეტ შეთავაზებებს საბერძნეთის მიმართულებით ნახავ აქ
- როუმინგ ინტერნეტ შეთავაზებებს იტალიის მიმართულებით ნახავ აქ
შეჯამება – საბერძნეთი თუ იტალია
თუ იდეალური დილა შენთვის ზღვის ხედით იწყება და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, დღის უმეტეს ნაწილს სანაპიროზე ატარებ, მაშინ საბერძნეთი შესანიშნავი არჩევანია. თუ მზად ხარ, დილიდან ქალაქის ქუჩებში სეირნობისთვის, მუზეუმებისა და არქიტექტურის დათვალიერებისთვის, მატარებლით სხვადასხვა ქალაქს შორის გადაადგილებისთვის, მაშინ გეზი იტალიისკენ შეგიძლია აიღო. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ იტალიას შესანიშნავი კუნძულები და სანაპიროები აქვს. საბერძნეთი კი სანაპიროზე დასვენების გარდა, კიდევ უამრავ სანახაობას გვთავაზობს.
