Skip to content
21/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება – პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა

მარშალ პრესი 21/08/2026
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.

„სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის – გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ამის გამო, თითოეულ მათგანს, მინდა, ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის.

ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ამიტომ, მინდა, თითოეულ თბილისელს წინასწარ ვთხოვო მოთმინება და მიმდინარე პროცესის სწორად გაცნობიერება. ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.

„მინდა, გულწრფელად ვთქვა – ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის მანძილზე ყველანი ვიამაყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება ყოველთვის მოითხოვს ხისტ გადაწყვეტილებებს, შრომას და მოთმინებას.

„დღეს გვიწევს დროებითი დისკომფორტის ატანა, მაგრამ რამდენიმე თვეში გვექნება სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც თბილისს დაამშვენებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ — გამოვიჩინოთ მოთმინება, ცოტა მეტი გულისხმიერება და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის პატივისცემა. ეს ორი თვე გაივლის, განახლებული რუსთაველი კი თბილისს დარჩება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Post navigation

Previous: ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
Next: პენიტენციური საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.