Skip to content
03/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

მარშალ პრესი 03/08/2026
prokuratura

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ბესარიონ ხარძიანი, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. ბესარიონ ხარძიანის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლების და შესაბამის ქონებაზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა. ბრალდებული დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები.

ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კუს ტბის წილები. პატიმრები თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანზე ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა ბესარიონ ხარძიანის ძმაზეც, გიორგი ხარძიანზე.

საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები, ვინაიდან ,მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 000 000 ლარი შეადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Post navigation

Previous: მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N77-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.