28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას, სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის და თენგიზ ცერცვაძის ურყევმა რწმენამ, შედეგად გამოიღო ის, რომ ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად საქართველომ მიიღო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა.
„ბატონ ბიძინას, რომელიც, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, როცა ვუთხარით, რომ ჩვენ ამას [C ჰეპატიტის ელიმინაცია] ვაკეთებთ ციხეებში, გვითხრა, რომ გვაძლევდა ერთ კვირას პროგრამის დასაწერად, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეძლებოდა მკურნალობა. მაშინ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ცოტა წინააღმდეგობაც კი გავუწიეთ მთავრობის წევრებმა და ვთქვით, რომ ამის საშუალება ქვეყანას არ აქვს. ბატონმა ბიძინამ კი თქვა, სწორ გზაზე დგახართ, დაიწყეთ და ფული აუცილებლად გამოჩნდებაო.
ორი ადამიანის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი თენგიზ ცერცვაძის, ურყევმა რწმენამ, რომ ეს იყო შესაძლებელი, გამოიღო შედეგად ის, რომ ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
