საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. მისი თქმით, ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი. „დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა.
საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპების შესაბამისად წარმართავს. მცირე სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი მრავალმხრივი დიპლომატია და საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობაა. ჩვენი რეგიონი არაერთი უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დგას. სიფრთხილე გარდაუვალია. საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი. ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი ეროვნული პოზიციით, ეროვნული იდენტობის დაცვითა და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
