Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიას დაესწრო

მარშალ პრესი 05/07/2026
eka sepashvili

საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა საკუთარ ანგარიშში საერთოდ არ ასახა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ე.წ. მოსკოვის მექანიზმს, სხვა საერთაშორისო შეფასებები სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს და საქართველოს პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით დადებითად აფასებს. შესაბამისად, მან ანგარიშის ავტორს სხვადასხვა საერთაშორისო წყაროსა და შეფასების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა უსაფრთხოების ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც ზიანს აყენებს დემოკრატიულ განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად გასაკვირია, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა საკუთარ ანგარიშში საერთოდ არ ახსენა ჰუმანიტარული მდგომარეობა და საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა აისახოს ყველა რეზოლუციასა თუ ანგარიშში.

რაც შეეხება ანგარიშის მე-20 პუნქტს, რომელიც საქართველოს ეხება, კერძოდ კი ე.წ. მოსკოვის მექანიზმს, აღნიშნული ანგარიში მრავალ არასწორ ინფორმაციას შეიცავს. მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ თავად მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმაც აღიარა, რომ მას სათანადო ანგარიშის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი სათანადოდ არ იყო გადამოწმებული და იგი არაერთ შემთხვევაში დაუდასტურებელ წყაროებს ეყრდნობოდა. ამიტომ, ამ კონტექსტში ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გამოიყენება ეს ანგარიში საქართველოში არსებული ვითარების შესაფასებლად, მაშინ, როდესაც მასში წარმოდგენილი დასკვნები არც მტკიცებულებებით და არც ფაქტებით არ არის სათანადოდ დადასტურებული.

მეორე მხრივ, თქვენ საუბრობთ ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სხვა მსგავს საკითხებზე, თუმცა ამავე დროს სხვა საერთაშორისო ანგარიშები და შეფასებები სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს და საქართველოს პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით დადებითად აფასებს. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ანგარიშის ავტორსა და ყველა იმ პირს, ვინც მსგავსი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და გაითვალისწინონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას შეეხება.

საქართველოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალსა და სტანდარტებს, რომლებსაც საქართველო მაღალი პასუხისმგებლობით პატივს სცემს და ერთგულად იცავს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს ასამბლეაზე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის მიერ დაწერილი ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს და ანგარიშში გამოთქმული ბრალდებების მტკიცებულებები არ არსებობს
Next: კომიტეტი, რომელიც ეძღვნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული ვითარების შესწავლას, არაფერს ამბობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ამ ფასეულობების კუთხით არსებობს – ეკა სეფაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.