საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბფირინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტული მედიასაშუალებების, ასევე აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
„უფრო კონკრეტულად, კი, საუბარია ახლადშექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა. სამმართველოს შექმნის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს.
რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ – აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ აქვთ პრეტენზია, თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.
ჩვენთვის ეს არ არის სიახლე – საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ ხალხს, გარედავალების შესაბამისად, მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შს სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
