სასამართლომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ოთხი პირი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი, ანტონ უპერი და მარიამ მეყანწიშვილი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნანა სანდერს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდათ, მარიამ მეყანწიშვილს კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ანტონ უპერს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა, რადგან ის მიმალვაში იმყოფება.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. მათი განცხადებით, 4 ოქტომბერს აქციაზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იდგნენ და დანაშაული არ ჩაუდენიათ.
საქმის ამ ეპიზოდზე სულ 12 პირი იყო დაკავებული. მათგან რვამ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რის შემდეგაც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ცნობისთვის, ნანა სანდერს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების, ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
