ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მეტყველების განვითარების შეფერხება და გაჯეტებზე (ტექნოლოგიებზე) დამოკიდებულება“, რომელიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალისთვის ჩატარდა.
ღონისძიება გახსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან კვირიტიძემ, ის მონაწილეებს პროგრამის მნიშვნელობასა და აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
ტრენინგს უძღვებოდა კლინიკური ფსიქოლოგი ნინო მიქელაძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო მეტყველების განვითარების შეფერხებისა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, არსებული გამოწვევები და მათი პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიდგომები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა, არსებული რეალობის შეფასება, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და ჯგუფური მუშაობა. მონაწილეებმა იმსჯელეს სააღმზრდელო პროცესში ახალი იდეებისა და პრაქტიკული მიდგომების დანერგვის შესაძლებლობებზე. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
შეხვედრა განათლებისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მსგავსი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდის სფეროს წარმომადგენლებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.
