შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ეხმიანება “ფორმულის” ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, გორში, მოქალაქეზე ძალადობაში ბრალდებულმა რამდენიმე პოლიციელმა საქართველო დატოვა.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი, შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადაცემაში ნახსენები კიდევ ერთი სამართალდამცველი, ბესიკ ქვრივიშვილი ადგილზე გამოცხადდა მომხდარის შემდგომ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის უწყებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
