Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა – საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა

მარშალ პრესი 05/06/2026
714570528_1702036447591512_8243648529673249245_n

ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და იმ მომავლის განხილვა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, საზოგადოებებსა და მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რეგიონიდან ვართ, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ფასეულობები და ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული ევროპის ერთიანი ხედვა- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაზე (COSAP) სიტყვით გამოსვლისას.

ფაღავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. მანვე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მნიშვნელობა აქვს როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ფაღავამ ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის შავი ზღვა არის არა გამყოფი ხაზი, არამედ სტრატეგიული ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა. ჩვენ მუდმივად ვამტკიცებდით ჩვენს ერთგულებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკითა და შორსმჭვრეტელი რეფორმებით. იმ დროს, როდესაც ევროპა უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, ერთიანობა და სოლიდარობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული ეტაპი იყო. ჩვენ ვიცით, რომ წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის, თუმცა ჩვენთვის ევროკავშირის წევრობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური მიზანი – ეს არის არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების სასარგებლოდ. უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ არასდროს გადაგვიხვევია ევროინტეგრაციის გზიდან და განვახორციელეთ კომპლექსური რეფორმები, რამაც საქართველო არაერთ სფეროში რეგიონულ ლიდერად აქცია. ინტენსიური რეფორმების პროცესის შედეგები ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ დიდი ინტერესით ვსწავლობთ თქვენს მიღწევებსა და გამოწვევებს და ამავდროულად, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი წარმატების ისტორიები ევროინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო მეგობრებო, საქართველო მზად არის გააღრმავოს თანამშრომლობა დასავლეთ ბალკანეთთან და თქვენთან ერთად იმუშაოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპის შესაქმნელად.“- განაცხადა ფაღავამ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია მონაწილეობას იღებს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP), რომელიც 2026 წლის 4-6 ივნისს ქალაქ სტრუგაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში იმართება.

Post navigation

Previous: თეკლა თიკანაშვილი: რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, ეს პოტენციალი როგორ ვაქციოთ მათ შესაძლებლობად
Next: კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.