Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს

მარშალ პრესი 03/06/2026
ebrd

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს, რომ მისი საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 3.4%-დან 2026 წელს 3.1%-მდე შენელდება, ხოლო 2027 წელს კვლავ 3.6%-მდე აღდგება.

საქართველოს კონტექსტში EBRD ეკონომიკური ზრდის 2026 პროგნოზს 0.5%-ით აუმჯობესებს და 6%-ს მოელის.

,,საქართველოს რეალური მშპ 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რასაც ძირითადად მომსახურების სექტორი განაპირობებდა, ხოლო ტურიზმი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად რჩებოდა.

მოთხოვნის მხრიდან, კერძო მოხმარებას ხელს უწყობდა რეალური ხელფასების მყარი ზრდა და საკრედიტო აქტივობის ძლიერი გაფართოება მაშინ, როდესაც კაპიტალური ინვესტიციები 2021 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში, EBRD-ის შეფასებით, წლიურად 9.1%-ს მიაღწია.

ინფლაცია 2025 წლის მარტიდან აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3.0%-იან სამიზნე მაჩვენებელს და 2026 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა.

ფისკალური დეფიციტი 2024 წლის მშპ-ის 2.3%-დან 2025 წელს 1.4%-მდე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ძლიერმა ზრდამ და კაპიტალური ხარჯების გეგმის არასრულად შესრულებამ. საგარეო ვალისა და მშპ-ის თანაფარდობა 2025 წელს 34.4%-მდე შემცირდა, რაც ძლიერი ნომინალური ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური გაცვლითი კურსის შედეგი იყო.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 წლის მშპ-ის 5.3%-დან 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე 2.6%-მდე – შემცირდა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ 2026 წელს 6.0%-ით, ხოლო 2027 წელს 5.0%-ით გაიზრდება. უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს.

თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს”, – აღნიშნულია ანგარიშში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა, ველოდებით საინტერესო დისკუსიას
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბათუმში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.