„კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ამ კვლევით მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება. ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონის დაცვის კუთხით ჩავარდნები ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რა რეაგირება აქვს ამ ხარვეზებზე სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„ევროპული კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ჩაატარა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის გერმანული, აკადემიური და მაღალპროფესიული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ის დაკავებულია ევროკავშირის საგარეო და გაფართოების საკითხების კვლევით. სწორედ ამ ინსტიტუტმა შეისწავლა კანონის უზენაესობის მდგრადობის საკითხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. საქართველომ ამ კვლევით მიიღო კანონის უზენაესობის მდგრადობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი შეფასება. საქართველო და მონტენეგრო იყო მოწინავე ქვეყნების რიცხვში, სხვა ქვეყნები ამ ჯგუფში არ ყოფილან. კანონის უზენაესობის მდგრადობა კი ნიშნავს იმას, რომ კანონები, რეგულაციები მდგრადად, განგრძობითად, კარგად და ეფექტიანად სრულდება. ფაქტობრივად, ჩვენ რასაც ვუყურებთ – კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია. რა თქმა უნდა, მცირე ჩავარდნები, ექსცესები შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ სცემს ამ ყველაფერს სახელმწიფო პასუხს. ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას კი, ასეთ ჩავარდნებზე, შესაბამისი რეაგირება აქვს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
