იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. თამარ ზოდელავას თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმარს იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამითა და საზეიმო განწყობით დახვდება.
„ადგილზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული არქივის ინსტალაციების კუთხე, სადაც მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების ისტორიას, დამოუკიდებლობის გამოცხადების უნიკალურ მასალებს და საინტერესო ფოტოარქივს სამეგრელოს კუთხისა და აქ მოღვაწე პირთა შესახებ. ასევე, დავამზადეთ გიგანტური პასპორტი. სტუმრებს შეეძლებათ, ადგილზე გადაიღონ ფოტო და დავუბეჭდავთ ID ბარათებს სიმბოლური წარწერით: ,, დაბადებულია დამოუკიდებელ საქართველოში“. ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციას ადგილზევე გაუწევენ. წარმოდგენილი იქნება პენიტენციური სამსახურის სპეციალური ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს ტექნიკასთან ერთად. ციფრული მმართველობის სააგენტო ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ ცნობიერება კიბერჰიგიენის შესახებ. გაიმართება მსჯავრდებულების მიერ წარმოებული პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებით ვიზრუნეთ ბავშვთა სივრცეებზე – იქნება თამაშები, ქვიზები, ბრენდირებული საჩუქრები“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.
იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ ზუგდიდში აღნიშნავს. მთავარ მოედანზე ღონისძიებები 11.00 საათიდან დაიწყება. 17.10 საათზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.
