
სხვების გარიყვა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანია და ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არის მცდელობა რომ საკუთარი კოლეგები, რომელთან ერთადაც სხვა დროს ძალიან კონსტრუქციულად თანამშრომლობენ ხოლმე, ახლა გარიყონ. თან მიზეზად რა აქვთ, ის რომ მათ უნდა რადიკალური დღის წესრიგის წამოწევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გუშინ რაც ვიხილეთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. დაბალ ბარიერს ითხოვენ ერთის მხრივ თითქოსდა იმიტომ რომ იყოს პლურალიზმი და მრავალფეროვნება პარლამენტში და მეორეს მხრივ არიან ჩვეულებრივი ნაწილი „ნაცმოძრაობის“. საბოლოო ჯამში თვითონ ზარალდებიან. შეხედეთ ნებისმიერ პატარა პარტიას, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო თანამზრახველი ნაცმოძრაობის ბოიკოტისა, შეადარეთ მისი 2020 წლის საარჩევნო შედეგები 2022 წლის შედეგებს. საბოლოო ჯამში, მათი ყველას ხმები შეიწოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, წაართვა ყველას ხმები. ამ შეცდომებზე ისინი ვერაფერს სწავლობენ. ასეთი გაერთიანება მათ არაფერს მოუტანს გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იპარაზიტებს მათ ამომრჩეველზე, ხმებს თავისკენ წაიღებს და ისინი დარჩებიან ისევ ამ მდგომარეობაში ვინაიდან დამოკიდებულები იქნებიან „ნაცმოძრაობაზე“. სხვების გარიყვა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანია და ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არის მცდელობა რომ საკუთარი კოლეგები, რომელთან ერთადაც სხვა დროს ძალიან კონსტრუქციულად თანამშრომლობენ ხოლმე, ახლა გარიყონ. თან მიზეზად რა აქვთ, ის რომ მათ უნდა რადიკალური დღის წესრიგის წამოწევა, რასაც აკეთებენ 2020 წლიდან მოყოლებული, ცდილობენ, რომ საზოგადოება ამყოფონ რადიკალურ დღის წესრიგში და ვინც ამ დღის წესრიგში არ აჰყვებათ, გარიყავენ იმავე მომენტში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სად არის სინამდვილეში ჩვენი პოლიტიკური სისტემის პრობლემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.