ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელფასი არის ბევრად ნაკლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბოლო კვარტლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი დაახლოებით 2400 ლარია, ხოლო საფრანგეთში – დაახლოებით 2680 ევრო, რაც ძალიან დიდი სხვაობაა.
„ზოგადი სურათი არის ასეთი, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასეთ საერთო, ყველაზე საინტერესო ფასების კალათა, ფართო მოხმარების პროდუქტების კალათა, საქართველოსა და საფრანგეთის ფასები, აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები, მივედით დასკვნამდე, რომ 50 პროცენტით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად, უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. ეს არის ზოგადი სურათი. თუმცა არის გარკვეული ტიპის პროდუქტები, ეს არის უფრო მეტად კონკრეტული ბრენდის პროდუქტები, რომლებიც იდენტურია საქართველოში, მაგალითად კონკრეტული ბრენდის ყავა რომ ავიღოთ, ან შოკოლადის კარაქი და ა.შ.
რატომღაც ჩანს, რომ ჩვენთან ფასები არის ბევრად უფრო ძვირიც კი ზოგიერთ შემთხვევაში, ვიდრე საფრანგეთში. საერთო სურათი არის საპირისპირო, მაგრამ კონკრეტული პროდუქტები არსებობს, სადაც ფასები ბევრად უფრო ძვირია და აქ ჩასახედია დამატებით, ხომ არ არის ამის მიზეზი მაგალითად დისტრიბუტორის, იმპორტიორის მონოპოლიური მდგომარეობა ან გარკვეული კარტელური გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო და საფრანგეთი რომ შევადაროთ ერთმანეთს, ყველაფრის გათვალისწინებით, ნომინალური ხელფასის გათვალისწინებით, ხარჯების გათვალისწინებით და ა.შ. საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს ზუსტად 2-ჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე საქართველოში.
ამის მთავარი საზომი არის ე.წ. PPP, ერთ სულ მოსახლეზე PPP მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც გაძლევს იმის მაჩვენებელს, თუ ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით როგორია საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის რესურსი. ამ სურათს გვაძლევს შედარება საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, რაც აუცილებლად ასევე უნდა ითქვას, ეს სხვაობა იყო ოთხმაგი ზუსტად 2012 წელს და დღეს არის სხვაობა ორმაგი. განახევრდა სხვაობა, მაგრამ ხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 5000 ლარამდე უნდა იყოს საშუალო ხელფასი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს ისე, როგორც ცხოვრობს საფრანგეთის მოქალაქე.
„გაორმაგებაა საჭირო, რასაც წლები სჭირდება. ელემენტარული ეკონომიკური თეორიაც ამაზე მეტყველებს. ეს არის საერთო მოცემულობა. ერთი არის ნომინალური ფასები, მეორეა ხელფასთან შედარება და ა.შ. ამას ემატება სიღარიბის ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. 350 ათასი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, პენსია არის ძალიან დაბალი. ამ ფონზე, კიდევ უფრო დიდია იმის ინტერესი, რომ ფასები შემცირდეს. რომ იყოს ჩვენთან იგივე ხელფასი, იგივე პენსია, რაც არის კონკრეტულ ქვეყნებში, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა ფასების საკითხი, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
