Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში: ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია

მარშალ პრესი 27/04/2026
5056

ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში (2023 წელს), ნიდერლანდებში (2023/2025 წლებში), საფრანგეთში (2024 წელს), რუმინეთში (2024 წელს), მოლდოვასა (2024 წელს) და ირლანდიაში (2024/2025 წლებში), – ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ არის მომზადებული.

ამ ბრალდებას საფუძვლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ოფიციალური ანგარიში დაედო, რომელიც 2026 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდა. ავტორთა განცხადებით, 160-გვერდიანი ანგარიში ეყრდნობა ტექნოლოგიური კომპანიებიდან (მაგალითად, TikTok) სასამართლო უწყების (subpoena) მეშვეობით მოპოვებულ არასაჯარო დოკუმენტებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ 2023 წელს „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ (DSA) ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკომისია სოციალურ პლატფორმებზე პოლიტიკური შინაარსის კონტენტის წაშლის ან შეზღუდვის მიზნით „რეგულარულ ზეწოლას ახორციელებდა“.

ანგარიშის ავტორების თანახმად, ევროკომისია დიდი ოდენობით ჯარიმების მუქარას იყენებდა, რათა ეიძულებინა ისეთი კომპანიები, როგორიცაა YouTube, TikTok და X (Twitter), წაეშალათ ისეთი კონტენტი, რომელიც არ არის უკანონო, თუმცა აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას ან მიგრაციის საკითხებს.

ეს ზეწოლა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა „ეროვნულ არჩევნებამდე კონტენტის ცენზურას“, რათა ზიანი მიჰყენებოდა კონსერვატიულ ან პოპულისტურ პოლიტიკურ ძალებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროპული რეგულაციები პირდაპირ არღვევს ამერიკელების სიტყვის თავისუფლების უფლებას, რადგან პლატფორმებს აიძულებს გამოიყენონ მოდერაციის გლობალური წესები, რომლებიც ზღუდავს „ამერიკულ თვალსაზრისს“.

ევროკავშირი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თომას რენიემ ბრალდებებს „სრულიად უსაფუძვლო“ და „სრული აბსურდი“ უწოდა.

ბრიუსელი ამტკიცებს, რომ DSA მიზნად მხოლოდ უკანონო კონტენტთან და სისტემურ რისკებთან (მაგალითად, უცხოურ ჩარევასთან) ბრძოლას ისახავს, სიტყვის თავისუფლების მკაცრი დაცვით.

Post navigation

Previous: მეყანწიშვილი და ჟორჟოლიანი ერთმანეთს დაერივნენ
Next: ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.