IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სამართლებრივი შეფასება, დიდწილად მოხდა, პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების შეფასება და რანაირიც არ უნდა იყოს ის, მე, პირადად, ამ შეფასებას დავემორჩილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით, საგამოძიებო პროცედურები ყველა საქმეზე დასრულებულია, და სასამართლოს ეტაპზეა ყველაფერი.

„20 ივნისთან დაკავშირებით, საგამოძიებო პროცედურები ყველა საქმესთან დაკავშირებით დასრულებულია, სასამართლოს ეტაპზეა ახლა ეს ყველაფერი. როგორც ვიცი, პარლამენტის შტურმით და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99 %-მა დანაშაული აღიარა და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, მერწმუნეთ, ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები.

ზოგ ნაწილში სამართლებრივი, ზოგ ნაწილში – პოლიტიკური. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე მყოფი დემოკრატია ვართ და ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ არ დაეშვა პარლამენტის შტურმით აღება.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა. ამ პასუხისმგებლობის განხორციელებისას გარკვეული სამწუხარო შედეგები დადგა.

ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, ჩემთვის, მაგრამ ეს ხომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომლის ფუნქციასაც მე ვასრულებდი, პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო.

კონცეპტუალურად და პოლიტიკურად თუ ჩვენ ამ ყველაფრიდან გამოვიტანთ ისეთ გაკვეთილს, რომელიც ჩვენს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მომავალი თაობების, მაგალითად, ჩემი შვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ განმეორდება საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და მერწმუნეთ, მე, როგორც ცალკე აღებული რიგითი მოქალაქე ამით დავკმაყოფილდები.

ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენ თუ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები არა ძალადობის, არა პარლამენტის შტურმით და იქ შეჭრის გზით, არამედ საარჩევნო ყუთთან ხდება, მერწმუნეთ, ეს უკვე გარდამავალი დემოკრატიისთვის საკმაოდ სერიოზული წარმატებაა.

მიმაჩნია, რომ ის სამწუხარო, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკული შედეგებიც რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მუდმივი ტვირთი იქნება ჩვენთვის, მაგრამ გაკვეთილი და შედეგი ამის, რასაც პოლიტიკურ შედეგს უწოდებთ, უნდა იყოს ეს. ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი აღარ უნდა გამეორდეს, რა სახის გამართლებაც არ უნდა ჰქონდეს ამას. შტურმი შენი ქვეყნის უმაღლეს ინსტიტუტში შეჭრის მიზნით და თავდასხმა შენი ქვეყნის პოლიციელებზე, სამართალდამცველებზე შეუძლებელია რამით გაამართლო,“ – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება