Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“

მარშალ პრესი 31/03/2026
01012

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.

სამიტის ფარგლებში, მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში 2 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
სამიტზე დისკუსიების მიზანი ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე გამოცდილების გაცვლა და საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა იყო.

გლობალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა მიმართა:

„უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, ქალბატონ მელანია ტრამპს. ისტორიას ემახსოვრება თქვენი ძალისხმევა, როდესაც 45 ერის წარმომადგენელი ერთად შეგვკრიბეთ და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ.

მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორიაც სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინ მართავდა თამარ მეფე, პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იზომება იმით, თუ როგორ მფარველობს იგი ყველაზე დაუცველებს.

დღეს ჩვენ ერთი საზრუნავი გვაერთიანებს – ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ბავშვის მუდმივ კეთილდღეობაზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა.
ყველა მშობლისთვის კარგად არის ნაცნობი ის შინაგანი შფოთვა, რომელიც სულ თან გვდევს – ჩვენ გვინდა შვილები საფრთხისგან დავიცვათ, ამავდროულად მივცეთ თავისუფლება, რათა ფეხი აუწყონ ამ სწრაფად განვითარებად ეპოქას, აღმოაჩინონ სიახლეები და შეიცნონ სამყარო. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა – ჩუმი, უხილავი, თუმცა სრულიად რეალური, რომელსაც ყველგან, ნებისმიერ ოჯახში შეხვდებით“,- განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

პირველმა ლედიმ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთი გონივრული ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომლებიც მოზარდებს მისცემს თანამედროვე სამყაროში განვითარების საშუალებას და იმავდროულად, შეუნარჩუნებს მათ ცნობისმოყვარეობასა და გარე სამყაროსთან უშუალო კავშირს.

„ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს. ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციისთვის სივრცე, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ.

საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომა „შუა გზის“(ოქროს შუალედის) პრინციპს ეფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის ბავშვთა უსაფრთხოების დაცვას შორის ბალანსის პოვნას“,- განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ საქართველოს პირველ ლედისთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.

Post navigation

Previous: ნაძირალა ელისაშვილმა ზუსტად იგივე ტერორისტული აქტის ჩადენა მაისის თვეში სცდა, არ გამოუვიდა და შემდეგ ნოემბერში გაიმეორა- ეს სერიული ტეროროსტი!!!
Next: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.