Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სერბეთის პატრიარქი პორფირე – ილია მეორის ღვაწლმა წარუშლელი კვალი დატოვა მრევლზე, შემდგომ კი მთელ მსოფლიოს მოეფინა, ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია

მარშალ პრესი 21/03/2026
porfire

პეჩის მთავარეპისკოპოსმა, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტიმა, სერბეთის პატრიარქმა, პორფირემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც წერილში აღნიშნულია, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და თანამწირველნო, ვიმყოფებით რა დიდმარხვის შუაგულში, მოგვეახლა მწუხარე უწყება ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, პატრიარქ ილიას აღსრულების შესახებ. პატრიარქისა, რომელიც იყო ქართველი ერის ნეტარსახსენებელი, დაუვიწყარი მამა და მწყემსმთავარი. თუმცა არ ვწუხვართ, როგორც ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ სასოება (1 თეს. 4:13), არამედ ქრისტეს აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის მტკიცე რწმენით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩვენი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ და ეკლესიის — საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა კრებულს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნებსა და მორწმუნე საზოგადოებას მისი დიდებული პირველიერარქის გარდაცვალების გამო.

როგორც „ხე, დანერგილი წყლის ნაკადულებთან“ (ფსალმ. 1:3), ჩვენმა ნეტარმა ძმამ, ილიამ თავის დროზე გამოიღო უხვი ნაყოფი, ხოლო მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა. მისი ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება; ასევე იგია თავისი თანამემამულეებისთვის ზნეობრივი სვეტი, რომელმაც რთულ ისტორიულ ვითარებაში ხელი შეუწყო სულიერ განახლებას, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებასა და მართლმადიდებელი ქართველი ერის იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას.

ამას, სხვათა შორის, მოწმობს მისი უნიკალური მწყემსმთავრული მსახურება, როგორც ათიათასობით ბავშვის ნათლიისა, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა მისი სამწყსოს სახარებისეულ ცხოვრებას და იგი ყველა ქრისტიანისთვის „მთაზე მდგარ ქალაქად“ (მათ. 5:14) და მისაბაძ მაგალითად აქცია. დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ, დაასვენოს მისი ახალშესვენებული მსახურის, პატრიარქ ილიას სული მართალთა სავანეში, სადაც არ არის ჭირი, მწუხარება და სულთქმა, არამედ სიცოცხლე დაუსრულებელი. საუკუნო და ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Post navigation

Previous: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში – წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
Next: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.