Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – ბიძინა დ ეკატერინა ივანიშვილები

მარშალ პრესი 18/03/2026
653154317_1506681367489323_684692555429470429_n

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

“უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.

რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.

საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად. მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის სულს.”- ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილში.

Post navigation

Previous: პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
Next: ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად გავუსწოროთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.