IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხებს აწესრიგებს.

კანონპროექტის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ.

კანონპროექტით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება შესაძლებელი იქნება, 604 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 57 კალენდარული დღე.

ამასთან, გარდა ბავშვის მოვლისთვის გათვალისწინებული საშვებულებო დღეებისა, ქალს შეეძლება ორსულობისა და მშობიარობის გამო 126 დღიანი, ხოლო მშობიარობის გართულების შემთხვევაში 143 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება აიღოს.

კანონპროექტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომითი პირობებით, ასევე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომითი პირობებით იმ ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, რამდენადაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და არ იწვევს დამსაქმებლისათვის არაპროპორციული ფინანსური ხარჯების წარმოშობას.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება