Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დატოვა თუ არა 5 თებერვალს ციხე ირაკლი ღარიბაშვილმა? – პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 28/02/2026
penitenciuri samsaxuri

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემის ანონსს, რომელშიც ნათქვამია, რომ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, 5 თებერვალს, შვილის დაბადების დღეზე რამდენიმე საათით სახლში გაუშვეს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან.

ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.

მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ საკანში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გასაჯაროება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს და სპეციალური პენიტენციური სამსახური ვერ გაასაჯაროებს ვიდეომასალას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით უფლებამოსილია, ადგილზე, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ვიდეომასალას, რომლითაც უტყუარად დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს
Next: პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.